ერეკლე II

ერეკლე II

Heraclius II of Eastern Georgia.jpgერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში) — 1744—1762 წლებში კახეთის, 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინაამღდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღვიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინაამღდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დასტოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა“ „ოსმალობამ“ შესცვალა.
სპარსეთი ამ დროს ძალზე დასუსტებული იყო და სახანოებად იყო დაყოფილი. მალე გამოიკვეთა სპარსეთის მომავალი ლიდერი, ეს იყო თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ მეორეც ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა,თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო.
1735 წელს,ყარსის მიდამოებში სპარსელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ოსმალები. იმავე წელს ნადირ–შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. თბილისი განადგურებას გადაურჩა, თუმცა ნადირ–შაჰმა ქართლის ის ნაწილი რომელსაც მისი მოწინაამღდეგე ფეოდალები მართავდნენ სასტიკად ააოხრა. ქართლში ისევ „ყიზილბაშობის“ ხანა დაბრუნდა. თურქების შემოსევის შემდეგ, თეიმურაზი ფშავში გაიქცა და პატარა ერეკლეც თან წაიყვანა. 1733წელს,თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი,მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა.

რეფორმები

ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი (1765 წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინასაკუთრების ქალაქური წესი (1770 წ.); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772 წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.
ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განნახლდა ზარაფხანა,იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. თბილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები დაციხეები, თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო.
ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა ვლახეთიდან (რუმინეთი),დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას.
მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად თბილისისკენ ბევრი ეროვნების ქრისტიანმა თუ არაქრისტიანმა იწყო წამოსვლა და აქ დასახლება. სომხებიც თავიანთ გადამრჩენად მიიჩნევდნენ ერეკლეს.
თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.
საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში „პრინც ერეკლეზე“, რომელსაც „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა.
მიუხედავად წარმატებებისა, თავისუფლების განმტკიცების და რეგიონში პირველობის და ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით საზრუნავი არ ილეოდა.
1765 წელს,ერეკლეს წინააამღდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა, შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინაამღდეგენი.
1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის მორიგი ომი. ერეკლემ ამ ომში რუსების მხარე დაიჭირა.1769 წელს გრაფი ტოტლებენი შემოვიდა რუსის ჯარით საქართველოში. ერეკლე და ტოტლებენი, გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ საკუთარი საზრიანობისა და გმირობის ფასად, ასპინძის ბრძოლაში, სატიკად დაამარცხა თურქები.
1771 წელს, ერეკლემ ხერთვისის ციხე გაანთავისუფლა ოსმალებისგან,1778 წელს დაამარცხა განჯის მმართველი ფათ–ალი–ხანი,1779–80 წლებში ერევნის ხანთან მოუწია ბრძოლა, ლეკები დაესხენ თუშეთს, ქიზიყს, ცხინვალს, 1773 წელს ნურსალ-ბეგი ბოდბეს დაესხა თავს. ლეკთა მოთარეშე რაზმები თბილისამდე მოდიოდნენ.
1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.
1785 წელს საქართველოს, ნურსალ ბეგის ვაჟი, ომარ–ხანი , 20000–იანი რაზმით დაესხა თავს. ერეკლესთან შებრძოლება პირისპირ ვერ გაბედა, ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზებით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნები. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ–კახეთს, გადასწვდნენ იმერეთასც.
1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი დალაშქრა. იმავე წელს რუსებმა მოულოდნელად დატოვეს საქართველო.
1779 წელს გარდაიცვალა ირანის შაჰი ქერიმ-ხან ზენდი , რომელთანაც ერეკლეს თითქმის სამი ათეული წელი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და ყველა პრობლემას დიპლომატიური გზებით აგვარებდა. დასუსტებულ ირანში ძალაუფლებას, თანდათან ყაჯართა თურქმენული ტომის წარმომადგენელი, აღა-მაჰმად-ხანიიღებდა.

ერეკლეს ცხოვრების ბოლო წლები

მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, მტრის თავდასხმები და ბრძოლები არ წყდებოდა. საქართველო სისხლისგან იცლებოდა.ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დიდი ეკონომიური ზარალი მიაყენა ქვეყანას ომარ–ხანის თავდასხმამ 1785 წელს. „შაჰ-აბაზის დროსაც კი არ უნახავს საქართველოს ასეთი განსაცდელიო“ — აღნიშნავდა თავისი ხალხის მძიმე ბედით შეწუხებული ერეკლე. მეფემ, სამი წლით გაანთვისუფლა მოსახლეობა სამეფო გადასახადისაგან და ამით ცოტათი შეამსუბუქა მათი მდგომარეობა.
1786 წელს ერეკლე ახალციხის ფაშას დაუზავდა. 1787 წელს ქართველთა და რუსული ჯარის ნაწილებმა განჯა, ყარაბაღი და ნახიჭევანი დაიმორჩილეს.
1787 წელს რუსეთის ჯარმა საქართველო კვლავ მოულოდნელად დატოვა.
ომარ–ხანი კვლავ ესხმოდა თავს ქართლ–კახეთს. ბრძოლები იყო რუსთავში,ქიზიყში,თიანეთში.
1789 წლის იანვარში, ერეკლემ და აზერბაიჯანის დიდი ნაწილის მფლობელმა ფათ–ალი–ხანმა, თვიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მოილაპარაკეს და ერთიანი მოქმედების გეგმა დასახეს, რომლის განხორციელებითაც, კავკასიაში ორივეს ძალაუფლება უნდა განმტკიცებულიყო, მაგრამ, სულ მალე, 54 წლის ფათ–ალი–ხანი მოკვდა და ქართლ–კახეთის გაძლიერების ეს გეგმაც ჩაიშალა. ჩაიშალა ერეკლეს მიერ ჩაფიქრებული, ქართულ–სომხური, ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის გეგმაც.
სპარსეთში გაბატონებული აღა–მაჰმად–ხანი, კავკასიისკენ მოიწევდა. ერეკლეს ხან ემუქრებოდა, ხან კი მოფერებით სთავაზობდა თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის და სპარსეთის მორჩილებაში გადასულიყო.
იცოდა რა აღა–მაჰმად–ხანის მზაკვრული ხასიათი, მისი სიძულვილი ქართველებისადმი და თავად მისადმი, ერეკლე დაჟინებით თხოვდა რუსეთს დახმარებას.
1795 წლის ივნისში, აღა–მაჰმად–ხანის 8 ათასი მებრძოლისაგან შემდგარი არმია, ყარაბაღის ხანის, იბრაჰიმის (რომელიც ერეკლეს ერთადერთ მოკავშირედ რჩებოდა ) და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, ყარაბაღის მიდამოებში დაამარცხა. ქართველებს ამ ბრძოლაში, ერეკლეს დავალებით ალექსანდრე ბატონიშვილი სარდლობდა.
დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. მალე აღა–მაჰმად–ხანი, 75 ათასი კაცით კავკასიაში შემოვიდა. ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ერევნის მიდამოებში დატოვა, მეორე ნაწილი ყუბის მიმართულებით გაუშვა, თავად კი 20 თუ 25 ათასი კაცით ყარაბაღში ბრძოლით შევიდა და მიუვალ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. იბრაჰიმ–ბეგი ციხეში შეიკეტა და გამაგრდა.
აღა–მაჰმად ხანი ერთი თვე არ მოშორებია შუშის ციხეს. ისეთი ვითარება შექმნა თითქოს საქართველო არც კი აინტერესებდა, მაგრამ, ჯაშუშების მეშვეობით, როგორც კი დარწმუნდა, რომ რუსები ერეკლეს დაცვას არ აპირებდნენ, სწრაფი სვლით საქართველოსკენ წამოვიდა. მისი ჯარის და მასთან მიერთებული, გზად მდებარე სახანოების ლაშქარში 35 ათასი მებრძოლი იყო.
ცოტა ხნით ადრე, თავად ერეკლე, სოლომონ მეორის თანხლებით დაიძრა ერევნისკენ. მათი ჯარი 3000 ქართლ–კახელი და 2000 იმერელი მებრძოლისაგან შედგებოდა. ქართველებმა როდესაც გაიგეს სპარსელების მანევრის შესახებ, ყაზახში უკან შემობრუნდნენ და 6 სექტემბერს თბილისს მოადგნენ.
7 სექტემბერს კი აღა–მაჰმად–ხანმა წითელი ხიდი გადმოლახა. მისი ჯარი, რიცხობრივად 6 –ჯერ აღემატებოდა ერეკლეს ჯარს,რომლის რაოდენობაც 60000 არ აჭარბებდა
პირველი აღსანიშნავი შეტაკება, 10 სექტემბერს, შინდის–ტაბახმელასთან, კრწანისის ველის მთიან ფერდობებზე მოხდა. ამ დღეს ქართველებმა უკან მიაბრუნეს მტერი.
11 სექტემბერს, აღა–მაჰმად–ხანი თავად ჩაუდგა ძირითად ჯარის ნაწილებს სათავეში და თბილისზე იერიში რამდენიმე მხრიდან მიიტანა.
კრწანისის ბრძოლა ქართველთა სასტიკი დამარცხებითა და თბილისის დანგრევა–განადგურებით დამთავრდა. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა პირობა არ შეასრულეს და მტრის პირისპირ, მარტო მიატოვეს ქართველები. თავად დასუსტებული საქართველოს ზოგადი მდგომარეობაც ხელს უწყობდა ამ მარცხს. ბრძოლაში კი, სპარსელთა რიცხობრივად დიდი უპირატესობა დამარცხების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.
75 წლის ერეკლე, რომელმაც ბრძოლის ველი ბოლომდე არ მიატოვა, ახლობლებმა ძალით მოაშორეს საფრთხეს და გაიყვანეს თბილისიდან. ერეკლე,ანანურისაკენ წავიდა,საიდანაც მოლაპარაკებებს, ჯარის შეგროვებას და ქვეყნის მართვას შეუდგა.
20 სექტქმბერს აღა–მაჰმად–ხანმაც დატოვა თბილისის მიდამოები და უკან გაბრუნდა.
სასტიკი მარცხის მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველო ბოლომდე არ იყო წელში გატეხილი, არსებობის უნარი კიდევ შერჩენილი ჰქონდა. 1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს, მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს, იქედან მრავალი ტყვე წამოიყვანეს უკან. დაიწყეს თბილისის აღდგენა.
1797 წელს, თბილისში კრწანისის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში შემოსულმა რუსეთის ჯარმა ისევ დატოვა საქართველო.
მარტო დარჩენნილი ქართველები, ერეკლეს თაოსნობით, მედგარ წინაამღდეგობას უწევდნენ გარს შემოსეულ დაღესტნელთა თავდასხმებს. დაიწყეს თბილისის აღდგენა.
1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. თბილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა და ერეკლე ქვეყნის მართვას თელავიდან განაგრძობდა.

No comments:

Post a Comment